პრეზიდენტი: სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლას ბოლომდე მივიყვან
სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში ბრძოლა გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს უზენაესი მიზანი სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებაა.
„საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია ბევრი შესაძლებლობა. პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური აქტივობა, ჩემი პოზიციის ნათლად დაფიქსირება, როგორც ამ დღეებში დავაფიქსირე და დღესაც ვაფიქსირებ, – ქართულ საზოგადოებას ნათლად ვუთხარი ჩემი პოზიცია საქმესთან დაკავშრებით. პრეზიდენტს ასევე აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების წარდგენის უფლება. ეს უფლება, აქამდე დარწმუნებული ვარ, ეფექტურად გამოვიყენე, ჩემ მიერ წარდგენილი მოსამართლეები არიან უზენაეს სასამართლოში და მე დარწმუნებული ვარ, კასაცია ეფექტურად იმუშავებს. ამასთან ერთად, პირდაპირ დანიშვნის უფლებამოსილება მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოშიც და, ბუნებრივია, მე ამას ბოლომდე გამოვიყენებ საზოგადოებასთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს ბოლოს და ბოლოს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.