დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მერიაში დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც, თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა.
კონცეფციის მოსამზადებლად მოცულობითი კვლევა განხორციელდა. ფონდის თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს ქალაქში 2200 – მდე ისტორიული შენობა, არსებული მდგომარეობა აღწერეს და შეაფასეს, გააანალიზეს თითოეული ისტორიულ – კულტურული ძეგლის მნიშვნელობა და გავლენა გარემოს განვითარებაზე. ასევე, დაადგინეს მათზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების მოხდენის პრიორიტეტულობა, არა მხოლოდ ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის, არამედ გარემოზე ზემოქმედების, გამოყენების, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების მიხედვით.
როგორც „კვირას“ თბილისის განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში სპეციალური სოციალური პაკეტის სახით შეიქმნა ძეგლების ამსახველი ბაზა, რომელიც აერთიანებს კვლევის შედეგად მოძიებულ ანალიტიკურ ინფორმაციას.
პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები დაესწრნენ და კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ საკითხზე ღია დისკუსია გამართეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს.
„კვლევა მოწონებულ იქნა, ვინაიდან, საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს, რაც ჩვენთვის აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგად, ჩვენ, კულტურის სამინისტროსთან ერთად, შევქმნით სამუშაო ჯგუფს. პარალელურ რეჟიმში, სადღესასწაულო დღეების შემდეგ, დავიწყებთ საჯარო განხილვებს სპეციალისტებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, რათა რაც შეიძლება ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი კვლევისა და მისი შედეგების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთობლივად დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. საჭიროა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ძირითადი ფასეულობების და ღირებულებების შენარჩუნებით მოხდეს და შემდგომი საქმიანობის სტრატეგია შევიმუშაოთ “, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
როგორც განვითარების ფონდში აცხადებენ, შემსრულებელმა 2200 შენობამდე შეისწავლა და გარდა იმისა, რომ რეკომენდაციის სახით მომზადდა ძეგლების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ხედვები და მითითებები, მომზადდა არგუმენტაცია რიგი შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, ნაწილისთვის მოხსნაზე, რაც შემდგომი რეაგირების საფუძველია ქალაქის მერიისთვის და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის.
თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება ემსახურება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების და ისტორიული ლანდშაფტის ავთენტურობისა და მთლიანობის დაცვას, მართვის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლებისა და ისტორიული ურბანული ნაწილის შესანარჩუნებლად. სამუშაოს ფარგლებში ჩატარდა დეტალური კვლევა და მომზადდა დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ტერიტორიის სივრცითი განვითარების რეგულირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკის შესაბამისად.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ისტორიულ-კულტურული ძეგლების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კონცეფციის მომზადების აუცილებლობა დადგა.
„კონცეფციის მომზადების აუცილებლობა დადგა, თბილისში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელთა შენარჩუნება და გამოყენება თბილისის განვითარების ფონდის პირდაპირი დანიშნულებაა. სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საბინაო მეურნეობების (ე.წ. კომუნალური სერვისების) მოშლის შედეგად, 25 წლის განმავლობაში ხდებოდა ძველი ქალაქის და განსაკუთრებით ძეგლების სახით არსებული საცხოვრებელი ფონდის შეუქცევადი დაზიანება და, მოუვლელობის შედეგად, ავარიულობის ხარისხის ზრდა.
დღეისთვის, 1800-მდე ღირებული ისტორიულ კულტურული ძეგლის გადასარჩენად, ძალიან რთულია სწორი ხედვის და სტრატეგიის გარეშე, სახელმწიფო გაუმკლავდეს დაგროვილ პრობლემებს. კონცეფცია სწორედ ამ მიდგომის და სტრატეგიის დაზსაუსტებლად დამუშავდა და ის ცხად ხედვას ქმნის ძეგლების რეაბილიტაციის თანამიმდევრობის, მიდგომის, გასაწევი ძალისხმევის და უკუგების შესახებ, რაც შეიძლება მიიღონ მოქალაქეებმა, თბილისმა და ქვეყანამ. სწორედ ეს არის თბილისის განვითარების ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო ჩარჩო დოკუმენტი, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე მუშაობის პროცესის 1-3 წლიანი პერიოდის სწორად დაგეგმვისთვის“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.