რა ღონისძიებებს სთავაზობს მოსახლეობას თბილისის მერია ახალი წლის ღამეს

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 3 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცახდებაში წერია, ვარდების რევოლუციის მოედანი 10 დღით საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები.
საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.
გარდა კულტურული ღონისძიებისა, საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ, თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ.
მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტოგადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს.
25 დეკემბერს, 20:30 საათზე თბილისელებისთვის დათო ევგენიძე იმღერებს, 26 დეკემბერს კი ჯგუფი “ერთი მეოთხედი”, ჯგუფი ფრანი და ჯგუფი ReggaeON დაიკავებს.
27 დეკემბერს Goofyland, თორნიკე ყიფიანი & ბრუნვის მიზეზი იმღერებენ.
რაც შეეხება 28 დეკემბერს, The Jetbird, The Mins და Vanilla Cage , 29 დეკემბერს კი მუსიკალურ ნომრებს Backwarmer და Niutone შეასრულებენ. 30 დეკემბერს თბილისელებისთვის იმღერებენ ასევე ნინა სუბლატი, SHRAVES და „თსუ არტი“. პირველ იანვარს მსმენელის წინაშე ჯგუფი „მგზავრები“ წარდგებიან, 2 იანვარს – SALIO და LOUDspeakers . საახალწლო ღონისძიებას კი 3 იანვარს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები