შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 25 დეკემბერს ქართული მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის, შალვა ქიქოძის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია ,,შალვა ქიქოძე 120″ გაიმართება.
შალვა ქიქოძის პერსონალური გამოფენა ასწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება. გამოფენილ ნამუშევართა უმეტეს ნაწილს ქართული საზოგადოება პირველად იხილავს. შალვა ქიქოძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 300-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაცია, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა შარჟი, ჩანახატი, პოლიტიკური კარიკატურა, მის მიერ შესრულებული, ახლად მიკვლეული ვიტრაჟის ამსახველი ფოტომასალა, დაკარგული ნამუშევრების სტენდი, მხატვრის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია და საარქივო მასალა.
გამოფენა მიზნად ისახავს, საზოგადოებას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ ხელოვანზე, რომლის მემკვიდრეობაც მოიცავს არა მარტო მის მხატვრობას, არამედ მის წერილებს თანადროულ ქართულ ხელოვნებასა და მის მომავალზე, პარიზულ და, ზოგადად, ევროპულ კულტურაზე, საქართველოსა და ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე.
გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ამონარიდებს მისი მიმოწერიდან იმდროინდელ ცნობილ და მისთვის ახლობელ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, გერონტი ქიქოძესთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება შალვა ქიქოძის წიგნი-ალბომის “შალვა ქიქოძე 120” პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნეები: მაია ციციშვილი და ირინე აბესაძე. გამოფენის კურატორები: მაია ციციშვილი, ირინე აბესაძე, ნინო ჭოღოშვილი. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისათვის. გამოფენა 2016 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება.