პრემიერ-მინისტრი გადადგა – ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.
„დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს მათი თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს – ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს: ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე – ჩემი ხალხის და ქვეყნის სამსახური. ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ეკონომიკურად წელში გამართული ხალხით. ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად, ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ძლიერი, ამაყი ერის მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ორი დღის წინ საზოგადოებას მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
შეგხსენებთ, რომ ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრის პოსტი ეკავა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილი 2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია „ბურჯში“. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.
2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.
2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით.