ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნოების მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის საქართველოში ჩაის პლანტაციების განვითარების პროგრამა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ ჩინელ ინვესტორებს გააცნო ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებული ახალი პროგრამა, რომელის ფარგლებშიც მომავალი წლიდან ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იგეგმება. მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის ტრადიციის აღდგენის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე ინვესტორებმა ჩინეთის ჩაის წარმოების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ჩაის განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ჩაის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ფერმერებისთვის ექსტენციის და სწავლების კომპონენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ფერმერები ჩაის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში ჩაის მუზეუმის გახსნის იდეაც განიხილეს, რაც საქართველოში ჩაის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.