სირიაში, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, სექტემბრიდან 200 ადამიანი დაიღუპა
200 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა სირიაში, სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის ავიაციის დაბომბვების შედეგად. ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეშენელის“ ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გარდა, დანგრეულია ქალაქების ინფრასტრუქტურა, რომელიც არანაირ სამხედრო დანიშნულებას არ წარმოადგენს.
ორგანიზაციამ ეს ანგარიში თვითმხილველების და ექიმების ინფორმაციის მიხედვით შეადგინა.
„ამნესთი ინტერნეშენელმა“ რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული 25 ავიადარტყმა შეაფასა სირიის 5 რაიონში.
განსაკუთრებული ყურადღება იდლიბის პროვინციაში ექვს ავიადარტყმაზეა გამახვილებული. იერიში საავადმყოფოზე, მეჩეთზე, ადგილობრივ ბაზარზე და საცხოვრებელ სახლებზე მიიტანეს, მაშინ, როდესაც ახლო-მახლო სამხედრო ობიექტები არ დაფიქსირებულა. ასე, მაგალითად, ქალაქ არიჯაში 29 ნოემბერს ადგილობრივი ბაზრის დაბომბვის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.