ქარელის ყოფილმა გამგებელმა მოქმედის თანაშემწეს ყური მოაჭამა – „ყურზე ჩამაფრინდა კბილებით და ვეღარ მოვიცილე“

ქარელში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ემიკო ფეიქრიშვილი და მოქმედი გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილი დაუპირისპირდნენ. ფეიქრიშვილმა, რომელიც ამჟამად ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის თანაშემწედ მუშაობს ქელეხსაშვილს ყური მოაჭამა.
ემიკო ფეიქრიშვილის თქმით, მას და ქელეხსაშვილს დაპირისპირება ამჟამინდელ გამგებელთან დაკავშირებით მოუვიდათ, რომელთანაც მას უთანხმოება აქვს. მისივე განცხადებით, ის თავს იცავდა.
“მართლა არ ვიცი როგორ მოხდა, შემდეგ როდესაც პოლიცია მოვიდა, მითხრეს ყველაფერი. არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ აქვს ყური. მე ვიცავდი თავს და ვფიქრობ, დღესაც რომ განმეორდეს ანალოგიური სიტუაცია, როგორც შევძლებ, ისე დავიცავ თავს“, – ამბობს ფეიქრიშვილი.
ქელეხსაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა დაზიანებული ყურის ნიჟარის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.
„ოპერაცია გავიკეთე და შეხვევებზე დავდივარ. შეურაცხყოფა დაიწყო ფეიქრიშვილმა. მეც შევაგინე, უცებ მოტრიალდა და ყურზე ჩამაფრინდა კბილებით და ვეღარ მოვიცილე“, – აცხადებს ქელეხსაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები