5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი – ჩაქუჩი ერთი დღით ადრე იყიდა

5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მკვლელობის იარაღი – ჩაქუჩი ერთი დღით ადრე იყიდა. ამის შესახებ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ. მათივე ვარაუდით, პაპიძემ მეუღლეს ჩაქუჩი მძინარეს ჩაარტყა.
„ჩაქუჩი სადღაც მარკეტში უყიდია, დიდუბეშიო. ადგილზე მიუყვანიათ და ამოუცვნიათო, ასე ამბობენ. ჯარისკაცი ბიჭი იყო, ისე ვერ მოერეოდა გამორიცხულია. მძინარეს აქვს ჩარტყმული“, – აცხადებენ მეზობლები.
მათი თქმით, ცოლ-ქმრის ჩხუბის ხმა არ გაუგიათ და გარეთ მაგდა პაპიძის ყვირილზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძე შსს-მ გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით კი შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალის წარდგენიდან 24 საათში უნდა მიმართოს. სასამართლო კი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 24 საათში იმსჯელებს.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული – ჩაქუჩი საცხოვრებელი სახლის სხვენის შესაკეთებლად შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები