„აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები“ – პეტიცია შეიქმნა

საზოგადოების ნაწილი ასაფეთქებელი სათამაშოების აკრძალვას მოითხოვს. „აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები“, – აღნიშნული მოთხოვნით პეტიციის შეგროვება რამდენიმე დღეა დაიწყო. პეტიციის ძალაში შესვლისთვის დარჩენილია 858 ხმა. „მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სათამაშო ასაფეთქებელი საშუალებებით ვაჭრობა და მათი გამოყენება. აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მიმდინარე წლის და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. „ბომბოჩკები“ გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის მიზეზი. აღნიშნული გასართობი საშუალებებით დასახიჩრდა არაერთი, სხვადასხვა ასაკის პირი. უკონტროლო, გართობის მიზნით აფეთქებები აღიზიანებს უამრავი ბავშვის და შეუძლოდ მყოფი, ზრდასრული ადამიანების ფსიქიკას. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება სადიზმის გამოვლინების შემთხვევებიც, რა დროსაც ბავშვების მავნე მიდრეკილებების მსხვერპლნი ხდებიან ცხოველები. ხშირია მათი წამების ფაქტები. აღნიშნული, სრულიად საკმარისი მიზეზების გამო მოვითხოვთ, ასაფეთქებელი საშუალებები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამით. სხვა შემთხვევაში ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდის და მათი უფლებების დარღვევად“, – წერია პეტიციაში, რომლის ხელმომწერებიც საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები