პრემიერი: ჩვენს მოქალაქეებს საშუალება უნდა მიეცეთ ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებშიც

ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება,  ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს  მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
“კარგად მახსოვს, გასულ წელს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  ხელი მოაწერა, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ესისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება და აღიარება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილადს იმსახურებს იმას, რომ  ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაუროს და ბევრი კარგი საქმე აკეთოს. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას, რომ ჩვენ ჩვენივე მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება,  ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მანვე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დადებითი შედეგის მიღწევაში მონაწილეობა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები