დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი რეალურად დაწყებულია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი რეალურად დაწყებულია მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ალბათ იანვარში მოეწერება ხელი. ამის შესახებ სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრამ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამაში 6300 ადამიანია ჩართული.
“ახალ პროექტს სავარაუდოდ იანვარში მოვაწერთ ხელს, მაგრამ ჩატარებული პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა იმდენად გამჭვირვალე და ეფექტური იყო, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი უწყვეტად განხორციელებულიყო და დღეის მდგომარეობით არა 5000, არამედ 6300 ადამიანია ჩართული პროგრამაში.
ძალიან მალე შემოვა კიდევ ახალი პრეპარატი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და კიდევ უფრო შეამცირებს გვერდით მოვლენებს”, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხეის შემდეგ ყოფილმა პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან და ჩაერთონ სკრინინგის აღმოჩენის თავისუფალი მიწვდომადობის პროგრამაში.
“უამრავი ადამიანია, ვინც არც კი იცის, რომ აღნიშნული დაავადება აქვს. ყველას ვთხოვთ ამ სკრინინგში ჩაერთონ. მადლობა ყველა ადამიანს, იმ დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომლის დამსახურებაც არის ამ მართლაც გამორჩეული პროექტის წარმატება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
კითხვაზე, რამდენი ადამიანის მკურნალობა იგეგმება მომავალ წელს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საწყისი დიზაინი, რომელიც თავიდანვე არსებობდა, ახლაც ძალაშია, ანუ მოიაზრება, რომ წელიწადში აღნიშნული პროექტი გათვლილია 20 000 პაციენტის მკურნალობაზე.
“ჩვენი თხოვნა იყო, რომ ვიდრე საკუთრივ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა დაიწყებოდა, გვემკურნალა იმ ჯგუფის ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მძიმე ფორმებში ჰქონდა დაავადება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა რომ არა ეს პროგრამა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, წელიწადში 20 000 ადამიანის მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს იმას, რისი მიღებაც სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები