გარემოს დაცვის სამინისტრო რუსთავის ცენტრალური პარკისა და იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანების პროექტში მიიღებს მონაწილეობას

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო რუსთავის ცენტრალური პარკისა და იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანების პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკი დაათვალიერეს.
ზვიად ძიძიგურმა და გიგლა აგულაშვილმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან, მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იაღლუჯის ფერდობის ის მონაკვეთი დაათვალიერეს, სადაც 2016 წლის გაზაფხულიდან რუსთავის თვითმმართველობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, გამწვანების მასშტაბური პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
,,ჩვენ ვისაუბრეთ რუსთავის ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის, მწვანე საფარის გაუმჯობესებაზე, მოვლა-პატრონობაზე, რათა რაც შეიძლება მეტი რუსთაველისთვის იყოს ეს პარკი ხელმისაწვდომი და ამ ტერიტორიამ უფრო წარმატებით შეასრულოს რეკრიაციული ფუნქციები. ასევე გვინდა რუსთავში, იაღლუჯის მთის ფერდობის გამწვანება, ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ჩემი პირობა იყო, რომ მზად ვარ ამ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი რესურსებით, ჩვენი ეროვნული სანერგე მეურნეობის რესურსებით, მაგრამ პირობა იყო ასეთი, რომ წყალი უნდა მოვიდეს ამ ტერიტორიამდე. უნდა ვთქვა, რუსთავის მერის და მაჟორიტარი დეპუტატის სასახელოდ, რომ ეს პრობლემა მათ დადებითად გადაწყვიტეს და უახლოეს მომავალში ამ პროექტის რეალიზაციას დავიწყებთ,” – განაცხადა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსტრო აქტიურად ჩაერთვება რუსთავის გამწვანების პროცესში.
,,ჩვენ შევთანხმდით, რომ მწვანე ნარგავების პრობლემა არ იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო უსასყიდლოდ მოგვამარაგებს ნერგებით, რაც შეეხება იაღლუჯის მთის ფერდობის გაწყლოვანებას, ამას რუსთავის მერია მიხედავს. ხეების დარგვაში კი რუსთაველების დიდი იმედი მაქვს, ვფიქრობ, რომ ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მომავალი წლის გაზაფხულზე იაღლუჯის მთის გამწვანებაში. ეს არის თითვეული რუსთაველისათვის, მათი შვილებისათვის, ჩვენი შვილებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი,” – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა.
ცნობისთვის, იაღლუჯის ფერდობის გამწვანების პროექტი, რუსთავის მერის დავით ჯიქიას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ეკონომიკის სამინისტრომ რუსთავის თვითმმართველობას, მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის შუამდგომლობით, წელს გადასცა. ფერდობის გამწვანებასთან ერთად, იაღლუჯზე სარწყავი სისტემის მოწყობაც იგეგმება, პროექტის განხორციელებას რუსთავის მერია მომავალი წლიდან დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები