უკრაინის შს მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი გახდა.
„მე ბატონ სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლე. თუ შენ ვიღაცას ქურდობას აბრალებ, პასუხი უნდა აგო“, – განაცხადა ავაკოვმა ტელეარხ „1+1“-ის ეთერში. ავაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილს სასამართლოში პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკიც უჩივის.
გასულ კვირას ავაკოვმა და შემდეგ სააკაშვილმა ამ ჩხუბის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. მასზე ჩანს, რომ სააკაშვილი არსენ იაცენიუკის გუნდს კორუფციაში, ხოლო შს მინისტრს ქურდობაში ადანაშაულებს. ამის საპასუხოდ ავაკოვი სააკაშვილს ურჩევს, „თავის მილიონებს მიხედოს“, ხოლო ოდესის გუბერნატორი ამ ტონით დისკუსიის გაგრძელებაზე უარს ამბობს და ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ჩხუბის ერთ-ერთ მომენტში ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს ჭიქა ესროლა. პრეზიდენტ პოროშენკოს ყველა მცდელობა, ეს კონფლიქტი შეეჩერებინა, უშედეგოდ დასრულდა. ბოლოს ავაკოვმა სააკაშვილის მიმართ უცენზურო ლექსიკაც გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები