ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, სააკაშვილს და ავაკოვს მიბაძოს
რუსეთის „ლიბარალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ისევე დაიცვას საკუთარი პოზიციები, როგორც ეს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთეს.
„როგორც იმ საუბრის დროს საკუთარ პოზიციებს იცავდნენ ოდესის გუბერნატორი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ზუსტად ისე უნდა იცავდნენ ჩვენი ჩინოვნიკები რუსეთის პოზიციებს მთელ მსოფლიოში – ევროკავშირში, გაეროში, რუსეთში. ასე უნდა მუშაობდეს ჩვენი კონტროლის პალატა. მე არანაირად არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს, არ ვუჭერ მათ მხარს პოლიტიკურად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი მუშაობის სტილი მისაბაძია“, – განაცხადა ჟირონოვსკიმ. მისი განცხადების ტექსტი პარტიის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ ჟირინოვსკიმ დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს და პეტრო პოროშენკოს სთხოვა, მიხეილ სააკაშვილის და არსენ ავაკოვის წინააღმდეგ სანქციები არ გამოიყენოს, ვინაიდან „მათი სიფიცხე მიუთითებს, რომ საკუთარი საქმე გულთან ახლოს მიაქვთ“.
კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილსა და არსენ ავაკოვს შორის 14 დეკემბერს რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა.