ირაკლი სესიაშვილი დავით სანაკოევის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის დავით სანაკოევის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მობილიზაცია ხდება“.
სესიაშვილის თქმით, სანაკოევის ინფორმაცია პროვოკაციულია და მიზანმიმართული იმისკენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს.
“ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადება. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული. ეს არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან. ამიტომ, მათი ეს განცხადება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ პროვოკაციული, მიზანმიმართული იმისკენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან არ დადგეს ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას და სახელმწიფოს აწუხებს”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.
მისივე მტკიცებით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები