„რესპუბლიკელები“ კოალიციაში რჩებიან და 2016 წლის კოალიციურ შეთანხმებაზე მუშაობის ინიციატივით გამოდიან

„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი კოალიციის შემადგენლობაში რჩება, თუმცა მმართველ გუნდში სიახლეებისა და ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აუცილებელია კოალიციამ 2016 წლის კოალიციურ შეთანხმებაზე იმუშაოს.
აღნიშნული შეთანხმებით უნდა განისაზღვროს, კოალიციის შიგნით კრიზისის არსებობის შემთხვევაში როგორ მოხდება მისი დარეგულირება, როგორი იქნება ხმის მიცემის რეგულაციები.
„ 2 წლის მანძილზე „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გადადგა ნაბიჯები, რითაც აჩვენა ამომრჩეველს და კოალიციურ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ სანდო, თუმცა კრიტიკული პარტნიორი, არ ვერიდებით ჩვენი კრიტიკული აზრის გამოთქმას. ჩვენთვის პრიორიტეტია თანამშრომლობა, კონსენსუსი, მაგრამ იმ ფარგლებში, რომ ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს პრინციპებზე. ჩვენ მზად ვართ კოალიციური შეთანხმებისთვის.
2012- ში კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ არჩევნები მოგვეგო და რეჟიმი შეგვეცვალა, 2016 არის ახალი ეტაპი, ახალი ციკლი, ამისათვის კოალიციას განახლება და ძირითად თემებზე კოალიციური შეთანხმება სჭირდება. უნდა იყოს კრიზისების მართვის მექანიზმი. როდესაც კოალიციაში რაიმე ტიპის კრიზისია, უნდა იყოს ხმის მიცემის რეგულაციები… დღეს ჩვენ ვართ კოალიციურ რეჟიმში, 2016 წლის არჩევნებს ჩვენ კოალიციურ რეჟიმში შევხვდებით, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ 2016 წლის კოალიციურ შეთანხმებაზე. ეს იქნება ერთიანი პროგრამა, როგორ ვაპირებთ მისვლას ამომრჩეველთან. ამაზეა დამოკიდებული რა კონფიგურაციით რა შეთანხმებით და ხელშეკრულებით წარდგება კოალიცია ამომრჩევლის წინაშე“,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები