ია მეტრეველი: მე, ია მეტრეველს, რომელიც გამანადგურეს, თურმე აქეთ მაქვს თავი სამართლებელი…

„ცოტა ფრთხილად ახსენონ ჩემი სახელი”, – ასე ეხმაურება ფონდ „ქომაგის” თავმჯდომარე ია მეტრეველი გადაცემა „არჩევანში” მის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომელიც ლევან ფხაკაძეს უკავშირდება. გადაცემაში ითქვა, რომ ლევან ფხაკაძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიასთან რეკომენდაცია ია მეტრეველმა გაუწია, „რეპორტიორი” ფონდ „ქომაგის” თავმჯდომარეს დაუკავშირდა.
„გეტყვით, საიდან წამოიწყეს ეს ავანტიურა; „მაესტროს” ეთერში ვიყავი ირმა ჭკადუასთან ერთად, სადაც იმყოფებდოდა ცააძის და. მისთვის ეს იყო ძალიან უსიამოვნო ამბავი, რომ მათ წინააღმდეგ ვისაუბრე. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ჩემზე შური ეძიათ. ჩემ წინააღმდეგ ეს ავანტიურა უკავშირდება „ლიგას” და დიდი ეჭვი მაქვს, ამას „დირიჟორობს” ირაკლი ფირცხალავა ციხიდან. „ლიგა” რასაც წარმოადგენს, ყველამ ვიცით. მესროლეს ტალახი, ეს არის მათგან შურისძიება”, – აცხადებს მეტრეველი.
„ქომაგის” თავმჯდომარის თქმით, ლევან ფხაკაძის ოჯახს ის ქუჩის საპროტესტო აქციებიდან იცნობს. როგორც მეტრეველი ამბობს, სწორედ აქციებიდან შეიტყო მან, როგორ უსწორდებოდა „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება ფხაკაძის ოჯახს.
„მათ მოყოლილი ჰქონდათ, რა განსაცდელიც დაატეხეს თავს „ნაციონალებმა”. ლევანის მამა, პროფესორი კაცი, დააპატიმრეს აბსოლუტურად უკანონოდ, სძალავდნენ ფულს, ლევანს ცოლი დაუჭრეს. ამ დროს ეკა ფხაკაძე ოპოზიციას აქტიურად ეხმარებოდა, ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის აქციების პერიოდში. ამის შემდეგ, მე ვიყავი „ქომაგში”, სადაც მოდიოდა უამრავი გაჭირვებული ადამიანი დახმარებისთვის… იმ პერიოდში ეკა ფხაკაძემ მომმართა, წავყოლოდი იურისტებთან, შეესწავლათ ფხაკაძეების საქმე და გაერკვიათ, იყო თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა. კომისია რომ ყალიბდებოდა, წავაკითხე ეს საქმე იურისტებს. კომისიამ განიხილა ეს საქმე, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ჩათვალა, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა, ამის დოკუმენტები და დასკვნაც არსებობდა. ამის შემდეგ იქნა შეყვანილი ფხაკაძე აღნიშნულ სიაში. რეკომენდაციით მე ათასობით ადამიანს ვეხმარები, მით უმეტეს, „ქომაგში” მოსულ ადამიანებს”, – აცხადებს მეტრეველი.
ამასთან, ია მეტრეველის განცხადებით, „ნაციონალების” რეჟიმის დროს დაპატიმრებულ ადამიანთა 90% უკანონოდ იყო დაჭერილი. „მათ უმრავლესობას წამებით აწერინებდნენ აღიარებით ჩვენებებს. მე თუ მკითხავთ, მათი უმრავლესობა პოლიტპატიმარი იყო. კოჰაბიტაციაში რომ ჩაერთვნენ, იმიტომ არის, რომ ამდენს ბედავს დღეს „ნაციონალური მოძრაობა”. იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს „ქართული ოცნება” და პასუხი აგებინოს ყველას. სასაცილოა, დღეს მე, ია მეტრეველს, რომელიც გამანადგურეს, თურმე აქეთ მაქვს თავი სამართლებელი…” – განუცხადა „რეპორტიორს” მეტრეველმა.

წყარო: http://reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები