თბილისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო – საგანგებო განცხადება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილებაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო.
პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომლის დაკავება გახდა.
„როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციის განყოფილებაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება თავად ფაქტს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.
ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, პირადი ინტერესებისთვის ნუ გამოიყენებენ უწყების სახელს და ნუ შელახავენ მერიის და თანამშრომლების რეპუტაციას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არც ერთ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები