მანანა კობახიძე: პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი უნდა დაჰკითხოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი უნდა დაჰკითხოს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების კომისიის თაობაზე გამოძიებისთვის რაღაც სათქმელი აქვს. კობახიძის ინფორმაციით, თუ პრეზიდენტს ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ორგანიზებულ დანაშაულს სჩადიან, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს.
„პრეზიდენტმა ჩვენება უნდა მისცეს, რადგან ელისაშვილი აცხადებს, რომ მას იმ ჩანაწერების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც ელისაშვილთან იგზავნებოდა. თუ ეს ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, პრეზიდენტს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, რომ მასზე რეაგირება მოეხდინა და თუ მან ეს რეაგირება ვერ, ან არ განახორციელა, ესეც გასარკვევია. ყურში ჩურჩულით და რაღაც ზეპირად ინფორმაციის მიწოდებით არავინ უნდა კმაყოფილდებოდეს.
თუ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები კორუფციულ, ორგანიზებულ დანაშაულს სჩადიოდნენ და მათ შორის, ის ადამიანი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას არაერთგზის ასრულებს, პრეზიდენტს ამაზე რეაგირება უნდა მოეხდინა. თუკი ეს ადამიანი კორუფციულ საქმიანობას ისევ აგრძელებს და პრეზიდენტი ვერ რეაგირებს, ეს ქვეყნის და ამ ინსტიტუტის ძალიან დიდი სირცხვილია. პრეზიდენტმა უნდა ბრძანოს, რა ინფორმაცია ჰქონდა“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები