შეცვლის თუ არა GDS-ის მზარდი პოპულარობა, 2016 წელს, რეიტინგული არხების ტოპ სამეულს?

უკვე შესამჩნევია, რომ 2016 წელი ქართული ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული წელი იქნება.
გამოცემა Georgia Today სატელევიზიო რეიტინგების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც 2015 წლის ტენდენციებია აღწერილი და 2016 წლის მოლოდინებზეა საუბარი. როგორც სტატიის ავტორი წერს, 2016 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივ ბაზარზე ტელემაყურებელთა აღრიცხვის, ახალი, საერთაშორისო პროვაიდერი Kantar Media შემოდის და მრავალ მცირე თუ რეგიონულ ტელეარხს დააკვირდება, რომელთა რეიტინგები აქამდე არასოდეს გაზომილა. თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, მნიშვნელოვან ცვლილებას არა მარტო მრავალი ახალი ტელეარხის დამატება განაპირობებს. მიმდინარე ტენდენციები და გარდაქმნები განსხვავებულ სურათს დახატავს ინდუსტრიისთვის, რომელმაც 2015 წელს 48 მილიონი დოლარი შეაგროვა.
„TVMR GE – ის ბოლო მონაცემებით, ,,რუსთავი 2” პირველ ადგილს ინარჩუნებს (მაყურებელთა 30%-ით), ხოლო მეორე ადგილზეა ,,იმედი” (მაყურებელთა 22%-ით). ორ ლიდერს ქვემოთ მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია. ,,მაესტრო” და ,,კომედი არხი” ადგილებს მუდმივად იცვლიან. მაგალითად, 2015 წლის 16-დან 22 ნოემბრამდე ,,მაესტრო” მაყურებელთა 7.13%-ი მოიხვეჭა, ,,კომედი არხს” კი მხოლოდ 5.07% ჰყავდა, თუმცა წინა კვირაში, 9-დან 15 ნოემბრამდე ,,კომედი არხის” მაჩვენებელი 5.77% იყო, ხოლო ,,მაესტროსი” – 5.29%. დაძაბულ შეჯიბრში ყველაზე საინტერესო პოზიცია, მუდმივად მზარდი პოპულარობის მქონე GDS-ს უკავია, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 2015 წლის 19 ოქტომბრიდან ყოველ კვირას აჯობა“, – წერს სტატიის ავტორი.
Georgia Today-ის ცნობით, თუ გასულ წელს გადავხედავთ, ტელეკომპანია GDS-ის მაჩვენებლები ყველა კატეგორიაში გაიზარდა.
„მაგალითად, 25-დან 45 წლამდე მაყურებელთა სეგმენტში 90%-იანი, საოცარი ზრდა განიცადა. მეტიც, GDS-მა ნოემბრის პირველ კვირაში 25-დან 45 წლამდე მაყურებელთა სეგმენტში ,,მაესტროს” აჯობა და პირველ სამეულს ძალიან მიუახლოვდა. ამ მოცემულობით კი, მაესტროსთან თანაბარი წილის შემთხვევაში, ჯი-დი-ესი შესაძლოა მეტად საინტერესო გახდეს რეკლამის განმათავსებელთათვის, რადგან ეს არხი კონკრეტულად 18-45 ე.წ. ხარისხობრივ აუდიოტირიას მეტად ეფექტურად აკონტოროლებს, რაც მიმზიდველი უნდა იყოს ნებისმიერი ქართული ბრენდისთვის, მითუმეტეს თუ ის ბაზარს პრემიუმ პროდუქტს სთავაზობს“, – აღნიშნულია სტატიაში.
იმისთვის, რომ მკითხველს 2016 წელს ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნას, გამოცემა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელთან და თავმჯდომარესთან, ია ანთაძესთან ჩაწერილ ინტერვიუსაც აქვეყნებს.
,,მჯერა, რომ 2016 წელს ტელეკომუნიკაციის ბაზრის თავისებურებებს არა მარტო წამყვანი კომპანიების რეიტინგები განსაზღვრავს, არამედ – სხვა ტელეარხების გადაცემებიც. გასული ათწლეულის განმავლობაში (სავარაუდოდ, მანამდეც) ტელეინდუსტრია ასეთი მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი არასოდეს ყოფილა. ამის გამო მაყურებელს შეუძლია, მისთვის საინტერესო მასალა არა მხოლოდ წამყვან არხებზე, არამედ სხვა მრავალ არხზეც ეძებოს. მიმაჩნია, რომ ორ ტელეკომპანიაზე კონცენტრირებული რეიტინგები 2016 წელს გაქრება და ერთი წლის შემდეგ ზოგადი სურათი უფრო კონკურენტუნარიან გარემოს წარმოგვიდგენს“, – აცხადებს ანთაძე Georgia Today-სთან საუბრისას.
მისი თქმით ტელეკომუნიკაციის ბაზარზე მრავალფეროვნებას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1) სატელევიზიო რეგულაციების გამარტივება და ფიცრულ მაუწყებლობაზე გადასვლა; 2) სამწლიანი არჩევნების ციკლის დაწყება.
„2016 წელს კოალიცია ,,ქართული ოცნება” პარლამენტის უმრავლესობაში მოხვედრას მეორედ ეცდება, რაც დიდი გამოწვევა იქნება, როგორც მთავრობისთვის (მედიასთან ურთიერთობის კუთხით), ასევე – მედიისთვისაც. დარჩება თუ არა არჩევნების პერიოდში ტელეინდუსტრია თავისუფალი? – დღეს ეს უმთავრესი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი მომდევნო რამდენიმე თვეში გაეცემა.   ძნელი სათქმელია, რამდენად შეცვლის საერთო სურათს Kantar Media-ს გამოჩენა, რადგან, თუ სატელევიზიო რეიტინგები სათანადოდ გაიზომება, მაყურებელთა აღრიცხვის პროვაიდერების რაოდენობის მიუხედავად, შედეგები მეტ-ნაკლებად მსგავსი უნდა იყოს. თუმცა უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობა ყოველთვის სასარგებლოა. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ,,კომედი არხს” მაღალი მაჩვენებლები აქვს, მაინც განსხვავებული არხია და საზოგადოების განვითარების პროცესში ნაკლებად არის ჩართული. თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში ,,რუსთავი 2”-ის, ,,იმედის”, “მაესტროს” და GDS-ის რეიტინგების დინამიკაზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იქნება. მჯერა, რომ GDS-ს თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ ტელეკომპანიას ძალიან სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.  ამრიგად, უმთავრესი ასპექტი რომელიმე არხის რეიტინგები არ არის. თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიაგარემო გაცილებით მნიშვნელოვანია. ასეთი მედიაგარემოს ჩამოყალიბება ქვეყნისა და ამ ქვეყნის ხალხის წინსვლისთვის გადამწყვეტია”, – განაცხადა ანთაძემ.

წყარო: “პირWელი”

1922657_911281188961907_1132244404_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები