ახალციხის მერმა წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა

ახალციხის მერმა წარჩინებულ სტუდენტებს უმასპინძლა და პირადად გაეცნო. გიორგი კოპაძემ კოლეჯ „ოპიზარის“ ორ სტუდენტს და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს მერის სტიპენდია – 125 ლარი დაუნიშნა.
როგორც „კვირას“ ახალციხის მერიიდან აცნობეს, მერსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა მეგობრულ გარემოში გაიმართა. შეხვედრაზე გიორგი კოპაძემ სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
„მინდოდა გამეცნო ის წარჩინებული სტუდენტები, რომლებსაც მერის სტიპენდია დაენიშნათ. ეს ბავშვები არიან ჩვენი იდეების გამგრძელებლები და მომავალში ჩვენი შემცვლელები. ისინი უნდა იყვნენ აქტიურები და მოტივირებულები როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში. მერიის სტიპენდია ერთ-ერთი წამახალისებელი იქნება სტუდენტებისათვის წარმატებულ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. ამ ეტაპზე მათ მხოლოდ სწავლა ეხებათ. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს განათლებული ახალგაზრდები“, – აღნიშნა გიორგი კოპაძემ.
შეხვედრის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ნარიმანიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ორმაგი პასუხისმგებლობა გვეკისრება მერის სტიპენდიანტებს როგორც ქალაქის, ასევე უნივერსიტეტის წინაშე. აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები სტუდენტებიც და მოსწავლეებიც ქალაქის განვითარებაში და ვეცადოთ, ეს პრობლემები მერთან ერთად გადავწყვიტოთ. სტიპენდია სტიმულია ყველა სტუდენტისთვის და ყველას მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ და მერის სტიპენდიანტები გახდნენ“, -აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ ნარიმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები