თეა წულუკიანი: ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი ადასტურებს, რომ ჩვენს ციხეებში ეპიდემიები არ არსებობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ანგარიში ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს ჩვენს ციხეებში ეპიდემიები არ არსებობს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ევროსაბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, რომელიც ცალსახად აღიარებს იმას, რომ საქართველოს ყველა ციხეში 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე არის პირობების უპრეცედენტო მატერიალური გაუჯობესება, “რასაც ადრე, 2012 წლამდე იგივე კომიტეტი მუდმივად აკრიტიკებდა და მას საქართველოში არავინ უსმენდა”.
“ეს ანგარიში ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს ჩვენს ციხეებში არ არსებობს ეპიდემიები. თუკი ადრე ციხეებში ყოველ წელს C ჰეპატიტის 600 ახალი შემთხვევა იყო, 2015 წელს ეს არის 49 შემთხვევა. ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რომ სასჯელასღსრულების დაწესებულებებში ექიმების, ექთნების და სხვა დამხმარე პერსონალის გადამზადების გზით მიღწეულია უმაღლესი და ევროპული სტანდარტი. ეს ამ ანგარიშში შავით თეთრზე წერია”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ერთი დეტალი, რომელსაც კომიტეტი ითხოვს, არის ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში, თუ პოლიციაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განიხილოს.
“ერთი დეტალი, რომელიც მომავალში უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ როგორც თავად ეს კომიტეტი ამბობს, იქნება ეს სასჯელაღსრულების სისტემაში, თუ პოლიციაში, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განიხილოს. ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები