„ევროკომისიამ ანგარიში იმის გამო ვერ გამოაქვეყნა, რომ პოროშენკოს ხელმოწერილი კანონის შეფასება ვერ მოასწრეს“
ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადების ფაქტს უკრაინული გამოცემა “ევროპული სიმართლე” წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკომისიამ დღეს დაგეგმილი ანგარიში იმის გამო ვერ გამოაქვეყნა, რომ ევროკომისიის საექსპერტო ჯგუფმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის შეფასება ვერ მოასწრო.
გამოცემის თანახმად, პეტრო პოროშენკომ უკანონოდ გადატანილი აქტივების დაბრუნებასა და მართვაზე ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონს მხოლოდ 9 დეკემბერს მოაწერა ხელი. გამოცემის თანახმად, სწორედ ეს კანონი გახდა მთავარი დაბრკოლება ანგარიშის გამოსაქვეყნებლად.
“მაშინვე, ანუ გასულ კვირას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიუსელიდან მკაფიო სიგნალი მიიღო: ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონის ასეთი რედაქციით უკრაინა ევროკომისიის დადებით დასკვნას ვერ მიიღებს”, – წერს “ევროპული სიმართლე”.