დეიმონ ვილსონი: არ მგონია, ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება
მე მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს.
“მე მჯერა საქართველოს მისწრაფებების, მისი ამჟამინდელი და წარსული მთავრობების დასავლური ორიენტაციის. ქვეყნის ორიენტაცია, განსაკუთრებით ატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოში განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფებს აერთიანებს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აქ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნებაა“, ეს ასე არ არის, მთავარი საქართველოა. შეხედეთ ევროპას, იქ დღეს კრიზისია, ის ლტოლვილების და მიგრანტების უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, არჩევნებში პოპულისტი „ნაციონალისტები“ იმარჯვებენ, ევროპა თავის თავში არ არის ბოლომდე გარკვეული. ზოგჯერ ქართველებს ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს, სინამდვილეში კი ევროპის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, და როცა შენს თავში დარწმუნებული არ ხარ, შენს ჯგუფში ახალი წევრების დამატებისგან თავს იკავებ“, – აცხადებს დეიმონ ვილსონი.
რაც შეეხება რუსული გავლენის ზრდას, მისივე თქმით, იგივე ხდებოდა მონტენეგროში, იგივე ხდება უკრაინაში.
„რუსეთის პროპაგანდისტულ ძალისხმევას ჩვენ ყველგან ვხედავთ, იგივე ხდებოდა მონტენეგროში, იგივე ხდება უკრაინაში. გადაჭარბების გარეშე მჯერა, რომ ეს ნარატივი ქართველებში გამოხმაურებას არ პოულობს“, – აღნიშნავს ვილსონი.
ამასთან, ვილსონი არ ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, რამე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მონტენეგროს წინააღმდეგ.
“არ მგონია, რუსეთმა რამე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას მონტენეგროს წინააღმდეგ. გაფართოების პროცესს უფრო მეტი სიცხადე და თავდაჯერებულობა ახლავს და ის ზრდის იგივე რუსეთთან სტაბილური თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მაგალითად, რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობა დღეს ბევრად უფრო სტაბილური სწორედ პოლონეთის ნატოში წევრობის გამოა, იგივეს ველოდები მონტენეგროში. გულწრფელად მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც იგივე შედეგს ვნახავთ. საქართველოს რუსეთთან ბევრად უფრო ნორმალური ურთიერთობა ექნება, თუ ის ნატოს წევრი გახდება.
ვშიშობ, რომ ამასობაში რუსეთი შანსებს გამოიყენებს, ის შეეცდება სუსტი წერტილები გამოიყენოს, შეეცდება მის საზღვართან ნატოს გავრცელება შეაფერხოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი რუსეთის სუსტი სამიზნეები არ იყვნენ, არამედ ჰქონდეთ მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და განავითარონ თავდაცვის სფერო“,-აცხადებს დეიმონ ვილსონი.
კითხვაზე: ელოდებით თუ არა, რომ რუსეთი ვარშავის სამიტის მოლოდინში ე.წ. პრევენციულ ნაბიჯებს გადადგამს, ვილსონი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტის მიზანი დარწმუნების პოლიტიკიდან შეკავების პოლიტიკისკენ ნაბიჯის გადადგმაა.
“ყოველი სამიტი ურთიერთობების შეჯამების და დაახლოების შანსია. არ მგონია, ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ზოგადად, ბევრი რამ გაურკვეველია. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ვარშავამდე შეიძლება ძალაში არც იყოს. ნახეთ, როგორ შეცვალა უკრაინის ამბებმა ვითარება უელსის სამიტის წინ, ნახეთ, როგორ ცვლის პოლიტიკას სირია და „ისლამური სახელმწიფო“. ასე რომ, ჯერ ნაადრევია ვარშავის სამიტის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, მე დიდ ცვლილებებს არ ველოდები. ნატო-საქართველოს უფრო მყარი და ახლო ურთიერთობები სამომავლოდ ალიანსის საზღვრების გაფართოებაზე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მოგვამზადებს“,-აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე თქმით, საქართველომ ევროპა საქართველოშივე უნდა შექმნას, უნდა გააგრძელოს ნატოს მშენებლობა საქართველოშივე.
“ ეს ის თემებია, რომლებზეც კონტროლი უშუალოდ საქართველოს აქვს, რაც ინდივიდების, პარტიების თუ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. რომ საქართველოში ძლიერმა ინსტიტუტებმა იმუშაონ, რომ საქართველოში გამყარდეს ევროპული ნორმები და ღირებულებები.
სამხედრო სფეროში ბევრმა ეს უკვე ნახა, ნახეს ქართველების თავგანწირვა სამხედრო მისიებში. ახლა ქართველებმა ძალისხმევა მათივე მომავალის შექმნისკენ უნდა მიმართონ. საბოლოო ჯამში სწორედ ეს იქონიებს გავლენას ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“,-აღნიშნავს ვილსონი.
რაც შეეხებ მედიის ცენზურის მცდელობისთვის და შესაძლო პოლიტიკური დევნის თაობაზე ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსგან, როგორც დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნისგან, უფრო მაღალი მოლოდინები გვაქვს.
“ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დევნას ან მედიის თავისუფლებას, საქართველოს მთავრობა მწვავე კრიტიკას ისმენს. ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოსგან, როგორც დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყნისგან, უფრო მაღალი მოლოდინი გვაქვს.
საქართველო გარდამავალი, შედარებით ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ამას თან ახლავს ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილება და გამოხმაურება, როგორიცაა ოპოზიციასთან ურთიერთობა, პოლიტიკური საქმეების გამოძიება, ეს არ ნიშნავს დაუსჯელობის დამკვიდრებას. როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა ქვეყნის წინ წაყვანას და არა წარსულში დაბრუნებას? ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან არაერთხელ გვისაუბრია. რაზე ააგებს საქართველო მომავალს ისე, რომ ინსტიტუტები გააძლიეროს და ისინი ერთ პიროვნებაზე, ან პარტიაზე დამოკიდებულნი არ იყვნენ?
უშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეცდომებს? რა თქმა უნდა, უშვებს. იგივეს ვხედავდით წინა მთავრობაში. ზუსტად ამიტომაა მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი თემა, ამიტომაც მიმაჩნია გამართლებულად ის გაჩაღებული კრიტიკა, რაც დებატებისას ისმის.
ნატოს გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია, ეს არ არის სამიტიდან სამიტამდე მიღებული კომუნიკე, ეს პროცესია და ამ პროცესზე სირთულეები იქნება. დღეს ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ბატონ პუტინს, ჩვენ არ გვაქვს პუტინის წინააღმდეგ სტრატეგია, ეს საკითხი დაგვყოფს, იქნება გაურკვევლობა, ბუნდოვანება. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება მყარი, ფოკუსირებული სტრატეგია და ხედვა.
შესაბამისად, საქართველოშიც ვეძებთ მკაფიო ხედვის და მტკიცე ნებისყოფის მქონე პარტნიორებს, ვისაც ესმით თუ რისი აშენება სურთ, პირველ რიგში, საკუთარი ხალხისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გზა სასურველ შედეგამდე – ნატოს წევრობამდე მივა“, – აღნიშნავს ვილსონი.