დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველომ ყველაფერი გააკეთა
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური შეფერხება და არა არსობრივი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადების ფაქტს.
უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველომ ყველაფერი გააკეთა.
“ვამბობდით, რომ სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მანამდე ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეიფორიაში, რადგან ეს პროცესი ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ვერ ვიქნებით კონტექსტიდან ამოგლეჯილნი და ამოვარდნილნი. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ევროპის 28 ქვეყანა და ეს არის მათი კოლექტიური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ეს არის რეგიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თავიანთ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე გადაწყვეტილება, არსებული სიტუაცია, ამიტომ ჩვენ როგორც ვამბობდით, დღევანდელი მდგომარეობა ზუსტად ასეთია, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, ეს აღწერილია ყველა შესაძლო შეფასებაში და რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამისთვის ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ დრო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტექნიკური შეფერხება და არა არსობრივი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ კოლექტიური სისტემის წევრი, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ კოლეგიური ორგანოს მუშაობის პერიპეტიებსაც, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთის ქვეყნებში და უნდა ვიყოთ თანამშრომლობისთვის განწყობილნი. მე მგონია, რომ ახლა ზუსტად ეს ხდება. ასე, რომ პროცესი მიდის წინ, საუბარია რამდენიმედღიან შეფერხებაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.