პუტინმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირების უფლება მიანიჭა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება მოახდინოს. შესაბამის ბრძანებულებას პუტინმა დღეს მოაწერა ხელი.
კანონის მიღება ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მთავრობის და სხვა ინსტანციის სასამართლოს მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, შეასრულოს თუ არა საერთაშორისო ინსტანციის, მათ შორის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება შეიძლება არ შესრულდეს იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც სააგენტო „რბკ“-ს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ სერგეი მავრინმა განუცხადა, საერთაშორისო სამართალს კვლავ აქვს უპირატესობა ეროვნულ კანონმდებლობასთან შედარებით. მაგრამ, მისი თქმით, „კონსტიტუცია უბრალო კანონი არ არის და ის სამართლებრივი სისტემის უმაღლესი წერტილია“. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით 4 დეკემბერს დაუჭირა მხარი.