უსუფაშვილის თქმით, “რესპუბლიკურ პარტიას“ ნუგზარ ბოჭორიშვილის შეწყალება არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია

ე.წ. კოკაინის საქმის მთავარ ფიგურანტ ნუგზარ ბოჭორიშვილს „რესპუბლიკურ პარტიასთან“ შემხებლობა მხოლოდ 2005-2008 წლებში ჰქონდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოჭორიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
უსუფაშვილის თქმით, პარტიას მისი შეწყალება არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია.
“ბოჭორიშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხის გარკვევა. ამ თემაზე 2011-2012 წელს პარტიას ოფიციალურად მიმართა მანანა კობახიძემ, როგორც ბოჭორიშვილის ადვოკატმა და გვთხოვა, მიგვეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, იყო თუ არა ბოჭორიშვილი აქტივისტი.
ჩემი ხელმოწერილი წერილი გაცემულია, რომ ის იყო პარტიის წევრი 2008 წლამდე და ასევე იხდიდა საწევროს, თუმცა სხვა რაიმე აქტივობა მისი მხრიდან განსაკუთრებული არ ფიქსირდებოდა. მეორე ეპიზოდია აქვე, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, როცა პარლამენტი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების გათავისუფლების საკითხებზე მუშაობდა, მაშინ ბოჭორიშვილის გვარიც მოხვდა წინასწარ სიაში, თუმცა როგორც კი ჩვენ, „რესპუბლიკელებს“ ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება გვთხოვეს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოჭორიშვილი არცერთ ეტაპზე პოლიტპატიმრად არ ჩაგვითვლია და რომ მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზომები მის პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ ბოჭორიშვილი პირველადი სიიდან ამოიღეს, რის შედეგადაც ის ამინისტირებულთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.
“სწორედ ეს იყო ბოჭორიშვილის შემხებლობა “რესპუბლიკურ პარტიასთან” და პარტიას მისი შეწყალება არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები