ოთარ დანელია: არცერთი რეგლამენტი არ მიგვიღია ფერმერების და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის რეგიონული ტურნეს შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისეთი გამოწვევა არ არსებობს, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მუშაობს. ოთარ დანელიამ ის პროექტები ჩამოთვალა, რომელიც პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება. მათ შორისაა, შეღავათიანი აგროსესხები, სუბსიდირებულ სადაზღვევო პროგრამა, აგროდაზღვევა.
“თითოეული ეს პროექტი, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, სწორედ ემსახურება იმ მოცემულობას, იმ გამოწვევებს, რომელიც არის ამ დარგში”, – განაცხადა დანელიამ.
დანელიამ ისიც აღნიშნა, რომ ფერმერებისა და კერძო სექტორის აზრი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “მათი ხმა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ასევე შეგახსენებთ, რომ არცერთი რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ მიუღია და არ მიიღებს ფერმერების და კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.