“ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოსთან არაა დაკავშირებული”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ვიზელიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას ტექნიკური გადავადება უწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გადადების მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული.
“ჩვენთვის, არაოფიციალური კომუნიკაციით ცნობილია, რომ გადადების მიზეზი არ არის საქართველოსთან დაკავშირებული. ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში დადებითია.
“ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, საქართველოს შემთხვევაში დასკვნა დადებითია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მოგერინიმ განაცხადა. ეს, შესაძლოა, მოხდეს უფრო ადრეც”, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.