ოთარ დანელია დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დანიის სამეფოს ელჩს უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში, კრისტიან დონს კრისტენსენს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ოთარ დანელიამ დანიის ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულად გამოცხადდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში სურსათის უვნებლობის, ირიგაციის, სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატზე ადაპტირებული სოფლის მეურნეობის და ინსტიტუციური განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ დანიის სამეფოს ელჩს აგროდაზღვევის პროგრამის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით განხორციელებული პროგრამების შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე დანიის სამეფოს ელჩმა ბოლო პერიოდში საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებულ თანამიმდევრულ პოლიტიკას ხაზი გაუსვა და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები