“ევროკომისიის დასკვნა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციას ეხება, დადებითია”
საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იცოდეს საბოლოო თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დასკვნა 100 პროცენტით დადებითია.
„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა თუ შემოთავაზება ევროკავშირისგან შეესრულებინა. ჩვენ ვიცით დღევანდელი განცხადებებიც, მათ შორის ევროკომისარ ჰანის განცხადებებიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა არის დადებითი და რომ ეს არ და ვერ დადგება ეჭვქვეშ. ახლა საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა გვამცნოს საბოლოო თარიღი, თუ როდის გამოქვეყნდება ესოდენ სასურველი და როგორც უკვე ვიცით, 100 პროცენტიანი დადებითი დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებს ყველა, ვისაც ექნება ბიომეტრიული პასპორტი. შესაბამისად, მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდება მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვისაც.
„გვესმის, რომ როცა ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა და შენგენის თითოეული ქვეყანა გახსნის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ დასჭირდებათ ბიომეტრიული პასპორტი. ეს დოკუმენტი გახდება ასევე მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის და ჩვენ მათან ერთად ვისაუბრებთ იმ წინადადებებზე, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ ამ პასპორტის მოპოვების შემთხვევაში. ყველა ძალას ვიხმართ, რომ მათთვის ამ პასპორტის მიღება გამარტივდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დასკვნის გამოქვეყნების თარიღმა შესაძლია გადაიწიოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიაში საქართველოს ელჩიც ადასტურებს.