მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სამართლებრივ საკითხებზე ლექცია-სემინარი ჩატარდა
მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.
თეთრიწყაროს რესურსცენტრის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 40 მოსწავლე მონაწილეობდა. მოზარდებს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი პროკურატურის ძირითად ფუნქციებზე, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე და ისეთი სახის დანაშაულის შესახებ ესაუბრა, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუპატიურება, ოჯახური ძალადობა და მათი თანამდევი შედეგები, ცივი იარაღის ტარება, ნარკომანია, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა, ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება, ავტოავარია, ჯანმრთელობის დაზიანება. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო ისეთი სახის დანაშაული, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება – 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი.
ლექციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. პროკურორმა მოსწავლეებისთვის ყველა საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია მოზარდებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.