„ეკა ბესელიას შეწყალების კომისიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია“

„არც ჩვენს კომისიას და არც პირადად ეკა ბესელიას შეწყალების კომისიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოადგილემ გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ალეკო ელისაშვილის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა.
ფოფხაძის განცხადებით, რომც ყოფილიყო პოლიტიკოსების მხრიდან შეწყალების კომისიისთვის რომელიმე კონკრეტული პატიმრის შეწყალების თხოვნით მიმართვა, ეს დანაშაული არ არის. დეპუტატის განცხადებით, დანაშაულია ის, თუ ამ დროს პოლიტიკოსს ანგარება ან რაიმე სახის პირადი ინტერესი ამოძრავებს.
„შეწყალების თემა ძალიან ფაქიზია და მეტი სიფრთხილე გვმართებს. ამით შეიძლება თავად ინსტიტუცია დაზარალდეს. თუ ვინმეს ანგარებით შეწყალება ხდებოდა, გამოდის, რომ შეწყალების სტანდარტი არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ეს სისტემას აზარალებს. კორუფციული გარიგებები იყო თუ არა, ეს უნდა დადასტურდეს. ეჭვები და ვარაუდები პოლიტიკოსების და, მით უმეტეს, იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც მსგავს საკითხებში არიან ჩართულები, ყოველთვის გამოითქმება. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამას მტკიცება უნდა.
შესაძლოა, ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდეს, მაგრამ თუ ამას ანგარებითი მოტივაცია ექნება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილი კომისიის თავმჯდომარე იყო, მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია და არაფერი მითქვამს, მაგრამ თეორიულად დავუშვათ, როდესაც პატიმრებთან დავდიოდი, მე რომ მენახა რომელიმე პატიმარი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და არანაირი სამართლებრივი რეჟიმი, გარდა შეწყალებისა, მის ამ მდგომარეობას არ შეცვლის, და ამის შესახებ წერილობით ან სიტყვიერად მიმემართა ალეკოსთვის, ამაში დასაძრახი ან სისხლის სამართლის დანაშაული რა არის? ხოლო თუ პირობითად იმიტომ მივმართე, რომ ამაში თანხა ავიღე, ეს უნდა დამტკიცდეს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები