ხალისიანი გარემო და გამწვანებული ეზო – „ბავშვი და გარემოს” ცენტრის ტერიტორიაზე ატრაქციონები მოეწყო (ფოტო/ვიდეო)
ორგანიზაციის „ბავშვი და გარემოს” ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა. „ბავშვი და გარემოს” სადღეღამისო ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავში ცხოვრობს.
პროექტის ფარგლებში გამწვანდა და კეთილმოეწყო ცენტრის ტერიტორია, დაიდგა ადაპტირებული ატრაქციონები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარემოსთან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პროექტი პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.
აღნიშნული ინიციატივით საელჩოს საქველმოქმედო ფონდ “მას რა ვარგო“-ს დამფუძნებელმა ანა ჩანგიანმა მიმართა. პროექტის ფარგლებში პოლონურ-ქართული კომპანი „აგრომაქს დეკორისა“ და ცნობილ პოლონელ ლანდშაფტის დეკორატორის კაშა მოლსკას ძალისხმევით გამწვანდა და მოიხატა ცენტრის ტერიტორია. პოლონელი დეკორატორი საქართველოში სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის ჩამოვიდა.
„ცენტრშის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო, დაიგო ასფალტის საფარი, პოლონურ ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორის“ დახმარებით ეზო გამწვანდა, სპეციალურად ამ პროექტისთვის საქართველოში პოლონეთიდან ლანდშაფტის ცნობილი დეკორატორი კაშა მოლსკა ჩამოვიდა, რომელმაც ეზოს კედლები ძალიან ლამაზად მოხატა. პროექტი პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. მინდა მადლობა გადავუხადო “მოძრაობის თეატრს“ სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარებულ ღონისძიებაზე ხალისიანი განწყობის შექმნისათვის. უმნიშვნელოვანესია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ შესაბამისი გარემოპირობები, ცენტრის ეზოში განთავსებული ატრაქციონები ადაპტირებულია სპეციალურად მაათთვის. ეზოც მოხატულია ძალიან ლამაზ ფერებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორია გამწვანდა და ეს “აგრომაქს დეკორის“ ძალისხმევით მოხდა, პოლონეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლეს სასტუმროებმა “ძველი მეიდანი“ და “ციტრუსი“. ასე რომ, მადლობა მათაც ეკუთვნით“,- აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ფონდ “მას რა ვარგო“-ს დამფუძნებელმა ანა ჩანგიანმა.
“აგრომაქს დეკორის“ წარმომადგენლის ვოიტეკ გრაფჩევსკიმ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ კომპანია დიდი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებებში,რომლებიც ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო, რომელშიც ბავშვებს უწევთ ცხოვრება იყოს ლამაზი და კეთიმოწყობილი. ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გაგველამაზებინა მათი ყოველდღიურობა. დიდ მადლობას ვუხდი დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატს ლადო ძნელაძეს, სწორედ დიდუბის გამგეობის დახმარებით დაიგო ასფალტის საფარი“, – აღნიშნა ვოიტეკ გრაფჩევსკიმ.
ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს” ხელმძღვანელმა ნანა იაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა პროექტის განხორციელების გამო და აღნიშნა, რომ ხალისიანი და მოწესრიგებული გარემო უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის.
ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი. ცენტრის რეაბილიტირებულ ეზოში წითელი ლენტი საზეიმოდ სწორედ მან გაჭრა.
პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ცენტრის ეზოში გაიმართა ოფიციალურ პირებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც დაესწრნენ, რომლთა იქ მისვლაც თავად ცენტრის ბინადრებმა ისურვეს. მათ შორის იყო ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთი არველაძე.
“ბავშვებს, რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ ასეთ გარემოში თამაში, საჩუქრები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვცდილობ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებზე დასასწრებად დრო ყოველთვის გამოვნახო. რაც უფრო მეტ ბავშვს გავახარებთ, მით უკეთესი იქნება“, – აღნიშნა შოთი არველაძემ.