ილია მეორე: საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას

საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ასევე ვახტანგ გორგასლის და ორი კათოლიკოსის – პეტრე და სამუელის ხსენების დღე მიულოცა.
“რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები, ვულკანი რომ ამოაფრქვევს, ისე. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება, ხალემი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. მეხუთე საუკუნე – ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და იმის შემდეგ კათოლიკოსი სამუელი – პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს”, – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და უფალს მადლობა შესწიროს ამდენი წყალობისთვის.
“უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის. წმინდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვთის კურთხევა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები