საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება – თავდაცვის სამინისტრო შერჩევის კრიტერიუმებს აქვეყნებს (ვიდეო)

მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება – ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4 წლის ვადით 18-დან 35-წლამდე მოქალაქეები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური. შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, წელს პირველად – ფსიქოლოგიური ტესტირება იქნება.

საკონტრაქტო ჯარში მიღებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტის, ასევე, სამხედრო სამედიცინო კომისიის გავლაა საჭირო. შემდეგ რეკრუტი საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე ჩაირიცხება, რომელიც ალგეთში ჩატარდება. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით იზრდება. საკონტარქტო ჯარში მიღების მსურველებს, ამჯერად, ფსიქოლოგიურ ტესტირების გავლაც მოუწევთ. “სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, მათი და მათი ოჯახის წევრების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სურვილის შემთხვევაში წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ თავიანთი სამხედრო კარიერა და მომავალი. საკონტრაქტო ჯარში მიღების მსურველებმა შესაბამისი საბუთები 2015 წლის 15 დეკემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ უნდა წარადგინონ. დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქზეა“ მითითებული“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები