საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში.
„მოლდოვა საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ამავე დროს გვაქვს ერთნაირი პრობლემები, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ბუნებრივია ჩვენი თანამშრომლობა, აზრთა ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოლდოვა ჩვენზე წინ არის უვიზო მიმოსვლის კუთხით და თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ მოვლენის შემდგომ მოლდოვაში, ასე ვთქვათ დნესტრისპირეთის რეგიონიდან, ძალიან გაიზარდა ევროპული ვიზების მოთხოვნა და შესაბამისად მოლდოვურ პასპორტებზე მოთხოვნა, ეს ძალიან დამაიმედებელია საქართველოსთვისაც. თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც გზავნილს და შესაძლებლობას ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს – მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.
12 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები