ვაზიანის პოლიგონზე 51-ე ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მესამე ასეულმა ერთთვიანი საველე-ტაქტიკური მეცადინეობა დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნით წვრთნაში 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სიტუაციურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვითი ამოცანების შესრულების დროს ჯარისკაცებმა სხვადასხვა კალიბრის შეიარაღებიდან ისროლეს. 51-ე ბატალიონის მესამე ასეული დასკვნით სწავლებაში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს СПГ-9-ებითა და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნებით იყო გაძლიერებული. სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებას ბატალიონისა და ბრიგადის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა, შეფასდა ამოცანების შესრულების ხარისხი.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთთვიანი მომზადების ფარგლებში სხვადასხვა სახის სწავლება გაიარეს. მომზადების პირველი ეტაპი სამხედროებს ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე ჩაუტარდათ. წვრთნების დროს სამხედროებმა საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება, ასევე კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეისწავლეს. ცნობისთვის, 51-ე ბატალიონის მესამე ასეული ბოლო ქვედანაყოფია, რომელმაც ასეულის შემადგენლობით აღნიშნული ტიპის სწავლება გაიარა. საჩვენებელი სწავლებით 51-ბატალიონის ასეულების მომზადება დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები