„რუსთავის წყალმა” სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კომპანია „რუსთავის წყალმა”, სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, სასამართლოს მიმართა.
„რუსთავის წყალი” სემეკის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის აბონენტებისთვის ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულის რაიონში წყალმომარაგების ტარიფი შეამცირა.
„რუსთავის წყლის” მთავარმა იურისტმა, სარჩელი, დღეს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ბესიკ კობერიძის განცხადებით, კომპანია სემეკის 2015 წლის 26 ნოემბრის N31 დადგენილებას ასაჩივრებს.
„კომპანია „რუსთავის წყალს” დაუდგინდა ახალი ტარიფები. მიგვაჩნია, რომ სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, არასწორი ტარიფი დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვასაჩივრებთ სემეკის ამ დადგენილებას. ანალოგიური მიზეზის გამო, გავასაჩივრეთ თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებული დადგენილებებიც”, – განმარტავს ბესიკ კობერიძე.
როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ „რუსთავის წყლის” ტარიფთან დაკავშირებით, არგუმენტირებული და დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიციის შეჯერება სემეკთან ვერ მოხერხდა. შედეგად, ტარიფების 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. იმის გამო, რომ „რუსთავის წყალი” წამგებიანი ბიზნესი გახდა, კომპანიის მენეჯმენტი იძულებულია მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადავიდეს, ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყოს და უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ იმ აუცილებელი პროექტების განხორციელებაზეც კი, რაც მომხმარებელთა სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება. ამასთან, უახლოეს მომავალში კომპანია აუცილებლად დადგება ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე, რაც კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, „რუსთავის წყლის” მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ რეგულატორის კონტრარგუმენტები ვალიდურობას მოკლებულია, აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები