ელბერტ კობერიძის წამების დეტალები – პროკურორი საქმის მასალებს ასაჯაროებს

ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუმცა, მათ არანაირი ოპერატიული ცნობა ამის შესახებ არ გააჩნდათ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
“ეს პირი 2012 წლის 28 ივლისს ზუგდიდიდან მოიტაცეს, პირდაპირ წამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის შენობაში, სადაც შეიკრიბნენ: დავით ახალია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა და ერთადერთი მოთხოვნა იყო ის, რომ მას უნდა ეღიარებინა, თითქოს ზუგდიდში აპირებდა ტეროტრისტული აქტის მოწყობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ არ გააჩნდათ არანაირი ოპერატიული ცნობა, არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი შედგენილი არ იყო და არც დღევანდელი გამოძიებით არის დადგენილი, რომ ელბერტ კობერიძე რამის ჩადენას აპირებდა”, – განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან და არცერთ პოლიტიკოსთან კობერიძეს შეხება არ ჰქონია და ის იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა სამეგრელოს რეგიონში. მისი თქმით, თუ რატომ სთხოვდნენ ელბერტ კობერიძეს, ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, უცნობია და ეს მოტივები საინტერესო იქნება თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალაიამ და სხვებმა დაასახელონ.
“თუ რატომ გააკეთეს ეს, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ეს მოტივები საინტერესო იქნება, რომ დაასახელონ თავად გიორგი კალანდაძემ, დავით ახალიამ და სხვებმა, თუ ისინი გამოცხადდებიან გამოძიებასთან. დადგენილია ის, რომ ელბერტ კობერიძეს აწამებდნენ ერთადერთი მოთხოვნით, რომ ეღიარებინა არარსებული ტერორისტული აქტის განხორციელება, თუ რატომ იყო მის მიმართ ასეთი მოთხოვნა უცნობია და დღემდე მისთვისაც პასუხგაუცემელია ეს კითხვები”, – განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, დავით ახალაია არის ძებნაში, გიორგი კალანდაძეს დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია, ამჟამად ძებნილი არ არის და დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება, რომან შამათავა სხვა სისხლის სამართლის საქმზე იხდის სასჯელს და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნობენ ბრალდების დადგენილებას, გიორგი სამუშია არის დაკავებული და მეგის ქარდავა ასევე ძებნაშია.
როგორც კაციტაძე აცხადებს, სამხედრო პოლიციის იმ ოთახში, სადაც კობერიძე აწამეს, აღმოჩენილია სისხლის ლაქები, რომლის დნმ-იც ემთხვევა ელბერტ კობერიძის სისხლის დნმ-ს. კაციტაძის თქმით, კობერიძესთან გაფორმდა საპროცესი შეთანხმება, რის შედეგადაც 2012 წლის 8 ოქტომბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები