თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2015 წლის 15 დეკემბრიდან შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებმაც გაიარეს სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური..
სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივ სარგოს რაოდენობა იზდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერური ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს; ასევე გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიან კურსზე (BCT –Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებით და განთავსებით.
10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა.
საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში: 1. ტაქტიკური მომზადება; 2. სამხედრო-საინჟინრო მომზადება; 3. მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვა; 4. ზოგადი საკითხები; 5. ფიზიკური მომზადება; 6. სამხედრო-სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა) 7. საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები; 8. სამწყობრო მომზადება; 9. კავშირგაბმულობა; 10. საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა) 11. სამხედრო ტოპოგრაფია: განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: 1. მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) 2. ფოტო სურათი 3X4 – 2 ცალი 3. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი; 4. ჯანმრთელობის ცნობა; 5. სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი); საკონტრაქტო სამსახურისათვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში, მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად: 1. ნამსახურების ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში); 2. გასაწვევი პირის განცხადება; 3. ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში); 4. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და დაბეჭდილი); 5. დაბადების მოწმობის ასლი; 6. პირადობის მოწმობის ასლი; 7. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის ასლი; 8. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი; 9. შვილების დაბადების მოწმობის ასლი; 10. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები; 11. მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული) 13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (,,MMR”- წითელა, წითურა, ყბაყურა: ,,TD”-ტეტანოსი – დიფტერია) 14. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (ლაბორატორიულად შემოწმებული); 15. ცნობა ნასამართლეობის შესახებ; 16. ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ); 17. შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); 18. მიღებული სერტიფიკატის ასლი; 19. სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ასლი და დედანი); 20. ფოტოსურათი 3X4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD); საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 15 დეკემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრში ,,კრწანისი“ . მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი; ტელ: 595 050685; 595 050673.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები