ალექსანდრე ბარამიძე: მზად ვართ, კოდექსიდან ამოღებულ იქნას 371 პრიმა მუხლი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა და დეპუტატებს მთავრობის პოზიცია გააცნო.
ბარამიძის თქმით, პროკურატურა და მთავრობა თანახმაა, “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტიდან ამოღებული იყოს მუხლი, რომელიც მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
“მზად ვართ, კოდექსიდან ამოღებულ იქნას 371 პრიმა მუხლი, ოღონდ იმ პირობით, რომ კოდექსში დარჩება 370-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენებისათვის და იმ პირობით, რომ ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობა რამდენადმე გამკაცრდება”, – განაცხადა ბარამიძემ.
რაც შეეხება მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, ერთის მხრივ, პირს არ ექნება ვალდებულება, გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოებში და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვლის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება.
ამასთან, თუკი გამომძიებელს, პროკურორს აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შუამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები