გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ, აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე – “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” – სიტყვით გამოვა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ეს ხდებოდეს როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის და აზიის მიმართულებით.
“საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას “თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ”, არამედ მისი თანაავტორიც იყო.
“საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემებიც არის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და აღნიშნული საკითხი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა”, – აღნიშნა ფხალაძემ.
გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
“ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
ცნობისთვის, აშხაბადის კონფერენციას 86 საერთაშირისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები