დევნილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
წარმატებით დასრულდა „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფარა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 15 მაისს დასრულდა. იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 410-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების დიდი რაოდენობა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნოისთვის, მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დასაფარად, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.
იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან 1 000 000 ლარი გამოიყოფა. თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშული თანხის გაზრდის საკითხიც განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები