„მოძრაობას აფერხებს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და არა მარჯვენასაჭიანი მანქანები“
„ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღება საქართველოში ნაადრევია. კობაიძის განცხადებით, გზებზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის გაუქმების ნაცვლად, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.
„აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ უნდა განხორციელდეს. ეს ძალიან ნაადრევია. მარჯვენასაჭიანებს რაც შეეხებათ, ჯერ საგზაო ნიშნების პრობლემა უნდა მოგვარდეს, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შემდეგ უნდა შედგეს დეტალური ანალიზი. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ამ საკითხთან მიმართებაში გარკვეული ბიზნესინტერესები გააჩნდეთ და მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის ჩაძირვა სურდეთ. სრული ნონსენსია, როდესაც აცხადებენ, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები აფერხებენ მოძრაობას. მოძრაობას აფერხებს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მარჯვენასაჭიანი მანქანების მეშვეობით დღეს ოჯახს არჩენს და ეს უნდა გაანალიზდეს, სანამ ეს ცვლილებები იქნება მიღებული“,- აღნიშნავს ლექსო კობაიძე.
რაც შეეხება საჯარიმო ქულათა სისტემას, კობაიძის განცხადებით, ეს სისტემა შტატებშიც და ევროპის ქვეყნებშიც კარგად მუშაობს და ადაპტირებულია.
„ყველას ექნება ის განცდა, რომ ათჯერ აღარ უნდა დაარღვიო მოძრაობის წესები, შესაძლებელია ის საქართველოშიც დაინერგოს“, – აღნიშნავს კობაიძე.