თენგიზ შერგელაშვილი კიევში იმყოფება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი კიევში იმყოფება. მინისტრის მოადგილე მონაწილეობს გაეროს განვითარების ფონდისა და უკრაინის რეგიონული განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში: “ხელისუფლების დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველყოფა: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მომსახურების მიწოდების შესაძლებლობები და ინოვაციები”.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის 12 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, თენგიზ შერგელაშვილი მოხსენებით გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ თვითმმართველობის რეფორმასა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით მიმდინარეობს.