1 იანვრიდან მართვის მოწმობებს 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულები დააკლდება

2016 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულები დააკლდება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

“2016 წლის 1 იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, განურჩევლად კატეგორიისა. 1 იანვრიდან მომდევნო წლის 1 იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია, დააკლდებათ ქულები “, – განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმით, მართვის მოწმობას ქულები მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკლდება, თუკი მძღოლს უშუალოდ პატრული დააჯარიმებს.

“სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს-ი, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ”, – განაცხადა ხუციშვილმა და აქვე დასძინა, რომ პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1 იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები