იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები განცხადებას ავრცელებენ

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული”, – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის საბჭო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ზაზა ხატიაშვილმა 2 ნოემბერს ტელესიუჟეტში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების მიმართ გააკეთა.
იუსტიციის საბჭო იმედოვნებს, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას.
იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ, გავაკეთოთ განცხადება 2015 წლის 2 ნოემბერს ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულებელყოფით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს.
გვაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს როგორც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას, ასევე შესაბამის შეფასებას მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს.
როგორც ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განაცხადი ლევან მურუსიძეს უკვე გაკეთებული აქვს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ლევან მურუსიძის დანიშვნა არ დაუშვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები