მოსამართლეთა ასოციაციაცია ზაზა ხატიაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის საბჭო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. იუსტიციის საბჭო მიიჩნევს, რომ ზაზა ხატიაშვილის განცხადებები ზიანს აყენებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალე პირობებში ჩატარების პროცესს.
როგორც „კვირას“ იუსტიციის საბჭოდან აცნობეს, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ვინაობა საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მათივე ინფორმაციით, მოსამართლის ადგილის დასაკავებლად, კონკურსში, სხვა მოსამართლეების მსგავსად, მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც გააჩნია მოსამართლედ მუშაობის ათწლიანი გამოცდილება.
„კვირა“ იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გამოხატულ არაერთგვაროვან რეაქციებთან დაკავშირებით საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციას მიზანშეწონილად მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობს როგორც მოსამართლეთა, ისე საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით. საბჭოს მიერ საკადრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები განპირობებულია სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებით და საკანონმდებლო რეალიებით.
მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა ვინაობა საჯაროა და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქართველოს ყველა მოქალაქე უფლებამოსილია, თავისი მოსაზრებები ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიაწოდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსამართლის ადგილის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობს, სხვა კანდიდატებთან ერთად, მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც გააჩნია მოსამართლედ მუშაობის ათწლიანი გამოცდილება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბატონმა ლევანმა საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილით და მხარდაჭერით.
კონკურსის მოახლოებასთან ერთად დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ლევან მურუსიძის კანდიდატურის დისკრედიტაციის მიზნით. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც თავად უნდა იყოს თითოეული საზოგადოების წევრის დამცველი და არა საწინააღმდეგო მხარეს მდგომი პერსონა.
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ბატონი ზაზა ხატიაშვილის განცხადებები ზიანებს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ღია და გამჭვირვალე პირობებში ჩატარების პროცესს. კანდიდატებს აყენებს არათანაბარ პირობებში და, საბოლოო ჯამში, იწვევს სასამართლო სისტემაში არაჯანსაღი გარემოს შექმნის მცდელობას.
ნებისმიერმა უსაფუძვლო განცხადებამ, მითუმეტეს ისეთი მაღალი ცნობადობის პირის მიერ, როგორიცაა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილისტური განწყობის გაჩენა სრულიად სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში და ნორმალურ გარემოში იმსჯელოს ნებისმიერი კანდიდატის შესაბამისობაზე მოსამართლის მაღალი თანამდებობისათვის შესაბამისობაზე.
მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის აშკარად მცდარი, უსარგებლო და არაეთიკური განცხადებებისაგან.
გამოიჩინონ მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პატივისცემით მოეკიდონ როგორც მოსამართლეების მიერ, ისე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება არ ემსახურება როგორც საზოგადოებაში, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით ჯანსაღი გარემოს შექმნას. ყველასთვის თვალნათელია, რომ ის მიზანმიმართულია აშკარა პროვოკაციული განცხადებებისაკენ, რამაც საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს“, – ნათქვამია იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს.
როგორც ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განაცხადი ლევან მურუსიძემ უკვე გააკეთა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ლევან მურუსიძის დანიშვნა არ დაუშვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები